რაულ აგიკიანი – საქართველოს კანონის პროექტის – „მეწარმეთა შესახებ” და მოქმედი საკანონმდებლო აქტის მოკლე შედარებითი ანალიზი (1-2 მუხლი)

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს 1994 წლის 28 ოქტომბრის იგივე დასახელების მოქმედი კანონი. შეიძლება ითქვას, რომ ახალი კანონი ბევრ საკითხს არსებითად ცვლის, მათ შორის განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, რაც აქამდე მხოლოდ სასამართლო პრაქტიკაზე იყო დამოკიდებული. ასევე კანონს შემოაქვს ისეთი ახალი ტერმინები, რომლებსაც ცალკე გამოკვეთილი დეფინიციების სახით მოქმედი კანონის რედაქცია აქამდე არ გვთავაზობდა (მაგ.: „პარტნიორთა სხვაგვარი შეთანხმება“, „საწარმო“, თავისუფალი პროფესია“ და ა.შ.).
            წარმოდგენილ სტატიაში შევეხებით პირველი და მეორე მუხლით განსაზღვრულ საკითხებს.
            კანონი აფართოვებს მოქმედების დიაპაზონს. თუკი მოქმედი კანონის მიხედვით ის აწესრიგებდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს (მუხ. 1; პუნქტი 1), პროექტი განსაზღვრავს „სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის დაფუძნების პროცედურებს, არსებობის ფორმებსა და მათი არსებობის პროცესში ამავე სუბიექტის ორგანიზაციულსამართლებრივ საკითხებს“ (პროექტის მუხ. 1. პუნქტი 1). მიმაჩნია, რომ პროექტის ჩანაწერი გაცილებით სრულყოფილია, ვიდრე მოქმედი კანონის. კერძოდ, არსებული კანონი რეალურად აწესრიგებდა უფრო მეტ სამართლებრივ საკითხს, ვიდრე მხოლოდ საწარმოთა სამართლებრივი ფორმებია (მათ შორის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და ა.შ.). შესაბამისად, „კანონის მოქმედების სფერო“ არ იყო სრულყოფილად განმარტებული და წარმოჩენილი.
            პროექტის პირველი მუხლი კანონის გამოყენების სფეროსა და მის დისპოზიციურობის პრინციპს შეეხება. თუ მოქმედი კანონით ტოვებდა თავისუფალ ველს დისპოზიციური გადაწყვეტილებებისათვის იმ ნაწილში, სადაც არ მოქმედებდა კანონის იმპერატიული დანაწესი, პროექტი გარკვეულწილად აღნიშნულის შემოფარგვლას ახდენს. კერძოდ, ყველა სახის საზოგადოებაში გარდა სააქციო საზოგადოებისა პარტნიორებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განავრცონ და მოაწესრიგონ სხვადასხვა საკითხები, თუ კანონი იმპერატიულად არ ადგენს ამა თუ იმ რეგულაციას (მუხ. 1; პუნქტი 3), ხოლო სააქციო საზოგადოების წესდებით ან აქციონერთა შეთანხმებით შესაძლოა განისაზღვროს კანონისაგან განსხვავებული წესები მხოლოდ კანონით დაშვებულ შემთხვევებსა და ფარგლებში (მუხ. 1; პუნქტი 4). ანუ, განსხვავება იმაშია, რომ ყველა საზოგადოებისათვის, გარდა ს.ს.-ისა მოქმედებს პრინციპი: „ყველაფერი დასაშვებია, რაც კანონით არ არის შეზღუდული“, ხოლო ს.ს-ებისათვის კი მოქმედებს შემდეგი: „ყველაფერი შეზღუდულია, რაც კანონით არ არის დაშვებული“.
            ვფიქრობ, აღნიშნული არაა მთლად მიზანშეწონილი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც სააქციო საზოგადოებების რიცხვი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებთან შედარებით არსებითად მცირეა (მაგ.: 2010 წლიდან 2020 წლის 21 აგვისტომდე საქართველოში რეგისტრირებულია სულ ჯამში 899 ს.ს.; ხოლო იგივე პერიოდში რეგისტრირებული შ.პ.ს.-ების საერთო ჯამური ოდენობა კი შეადგენს – 196218 ერთეულს. წყარო: https://napr.gov.ge/p/679). ხოლო კაპიტალის მოზიდვისათვის კი ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენება სწორედ სააქციო საზოგადოებების რიცხვისა და მათი საქმიანობის წახალისება. ამ მხრივ არც მოქმედი კანონი გამოირჩეოდა დიდად, თუმცა წარმოდგენილი პროექტი კიდევ უფრო მეტი დაბრკოლების საფრთხეს აჩენს. თუ პროექტის ავტორების სურვილი იყო სტეიქჰოლდერებისა და კორპორაციული ბრუნვის სხვა მონაწილეთა ინტერესების დაცვა, საამისოდ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელსაც შეეძლო აღნიშნული საკითხის მოგვარება (საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის დამტკიცების თაობაზე“ და ა.შ.).
            საინტერესოა ჩანაწერი „პარტნიორთა სხვაგვარი შეთანხმების“ შესახებ. აქამდე მოქმედი კანონი მსგავს სიტყვათშეთანხმებას არ იცნობდა, რის გამოც ნებისმიერი პარტნიორული შეთანხმება უშუალოდ წესდების ნაწილად განიხილებოდა. რაც შეეხება პროექტის მეორე მუხლს აქაც ძალიან ბევრი საინტერესო საკითხს ვაწყდებით. მაგალითად, თუკი მოქმედი კანონმდებლობით მეწარმე სუბიექტები არიან: „ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი“ (მუხ.: 2; პუნქტი 1), წარმოდგენილი პროექტით „მეწარმედ/მეწარმე სუბიექტად (შემდგომ – მეწარმე) მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს საწარმო“ (პროექტის მუხ.: 2; პუნქტი 1). ხოლო თავის მხრივ საწარმო ესაა „სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ორგანიზებული სისტემა“ (იგივე მუხლი პუნქტი 2). რათქმაუნდა პროექტის ჩანაწერი ბევრად გამართულია, თუმცა სასურველია უფრო დეტალურად გაიწეროს საწარმოს დეფინიცია. მხოლოდ „ორგანიზებული სისტემა“ არ მიმაჩნია ამომწურავ ჩანაწერად და ვფიქრობ უმჯობესია მოხდეს მისი შემდგომი დაზუსტებაც.
            პროექტში უცვლელად რჩება სამეწარმეო საქმიანობის პრინციპები (მართლზომიერება, არაერთჯერადობა, დამოუკიდებელობა და ორგანიზებული საქმიანობა მოგების მიღების მიზნით) და მეწარმე სუბიექტთა ფორმები (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი). აღნიშნული საკმაოდ მართებულად მიმაჩნია, რადგანაც როგორც პრინციპებმა, ისე სამართლებრივმა ფორმებმა მყარად დაიმკვიდრეს ადგილი ქართულ სამეწარმეო სივრცეში და უადგილოდ მეჩვენება რაიმე ცვლილება აღნიშნულთან მიმართებით.
            ბოლოს მინდა შევეხო ინდივიდუალური მეწარმის ადგილს და პასუხისმგებლობის მოცულობასაც. პროექტით ხდება ინდივიდუალური მეწარმის პასუხისმგებლობის ფარგლების დაზუსტებაც. კერძოდ: „ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ მასსა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.  აღნიშნული ჩანაწერი სამართლებრივად ბევრად გამართულია ვიდრე დღემდე მოქმედი რედაქცია.
            დასკვნისთვის ვიტყვი, რომ კანონის ცვლილება ნამდვილად დროული და მნიშვნელოვანი არის. ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ არ მოხდება პარლამენტში პროექტის ნაჩქარევად განხილვა და მიღება. ვფიქრობ აუცილებელია პროექტის კიდევ უფრო დახვეწა, არსებულ რეალობასთან მეტად დაახლოება და ბუნდოვანი საკითხების დაკონკრეტება.