2024 წლის 10 თებერვალს, სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინნ რივერვიუ“, სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა კვლევის პრეზენტაცია: „ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კონკურენციის სამართლის კუთხით“. პროექტი ითვალისწინებდა 18 თვიან კვლევის პროცესს და მასზე მუშაობდა ინსტიტუტის კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულების მკვლევარი, სამართლის დოქტორი, პროფესორი სოლომონ მენაბდიშვილი.
ღონისძიებას დაესწრო 40-მდე სტუმარი – სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. კვლევის დოკუმენტის წარდგენასთან ერთად გაიმართა კითხვა-პასუხის სესია კონკურენციის მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებისა და ასოცირების შესახებ, ხელშეკრულებების 204-ე და 206-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე. ამ მუხლების მიზანია ასოცირების რეჟიმში მყოფ ქვეყანაში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და ეფექტური კონკურენციის განვითარება. დღევანდელი მდგომარეობით სერიოზული ხარვეზები გვხვდება კანონშიც და არსებული ნორმების აღსრულების კუთხითაც. სწორედ ამ პრობლემების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზებზე რეკომენდაციების შემუშავება იყო აღნიშნული პროექტის მიზანიც.
ინფორმაცია პროექტის შესახებ:
კვლევის პრეზენტაცია ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (СSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:
სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი დაფუძნდა 2020 წელს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში სამართლებრივი და პოლიტიკური ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მექანიზმების განვითარებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. ორგანიზაცია აერთიანებს მკვლევრებს სამართლისა და პოლიტიკის მიმართულებით.