საქართველოს კონსტიტუცია 25 წლისაა

საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო საქართველოს კონსტიტუცია.  25 წლისაა აქტი, რომელიც მყარი საძირკველია ჩვენი სახელმწიფოსი და რომელზეც დაიწყო თანამედროვე ქართული სამართლის მშენებლობა.
            მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სასულიერო პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაითავისონ კონსტიტუციის მნიშვნელობა და მის წინაშე მდგარი ამოცანები.
            ქართული კონსტიტუციონალიზმის უახლეს ისტორიაში გვაქვს არაერთი მაგალითი იმისა თუ როგორ ცდილობდა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი კონსტიტუციური წესრიგი მოერგო თავისი პოლიტიკურ დღის წესრიგისთვის და ეს მცდელობა წარმატებით დააგვირგვინა.
            კონსტიტუციის მიღების ან მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საფუძველი, საყოველთაო სახალხო და პოლიტიკური კონსესუსი უნდა იყოს. კონსტიტუცია არ უნდა იქცეს საპარლამენტი (კონსტიტუციური) უმრავლესობის „კუთვნილებად“.
            კონსტიტუცია ცოცხალი ორგანიზმია ის თანაცხოვრობს ადამიანებთან და სახელმწიფოსთან. ძირითადი აქტის მთავარი ღირსება მის სტაბილურობასა და სიმარტივეშია. სიმარტივე არ გულისხმობს პრიმიტივიზმს, არამედ გულისხმობს სხვადასხვა ჯგუფებისთვის მის ხელმისაწვდომობას. ძირითადი აქტი ვერ დააზუსტებს ყველა სამართლებრივი ურთიერთობას. მისი ზოგადი ხასიათი ქმნის მის სიძლიერს და გავრცელების ფართო არეალს სამართლებრივ სივრცეზე. პოლიტიკური აქტორებისგან კონსტიტუციაზე მუდმივი „თავდასხმა“ და „ძალადობა” ხელყოფს მის სამართლებრივ ავტორიტეტს და იმპერატიულ ხასიათს.
            ქართულ სახელმწიფოს აქვს ღირებულებები და მისწრაფებები. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების მიზანია ეს ღირებულებები და მისწრაფებები განვამტკიცოთ საქართველოს კონსტიტუციაში.